შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ კუპატაძესთან ერთად, დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა, მიმდინარე წლის განმავლობაში დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მყოფმა სამმართველოების უფროსებმა კი, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. საუბარი შეეხო ასევე, დაცვის პოლიციაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს.
გიორგი სახოკიამ, თავის მხრივ, სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა დაცვის პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.